შსს-ს კომენტარი მოზარდზე, რომელმაც პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თვითმკვლელობა სცადა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანზე, რომელმაც თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, პირველ კომენტარს აკეთებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი „მწვანე სკოლასთან“ დაკავშირებული ინციდენტის გამო მოწმის სახით გამოკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. პირველად 10, მეორედ კი 11 დეკემებერს.

უწყების წარმომადგენელის ცნობით, ორივეჯერ მოსწავლე მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა და არც ერთ დღეს მშობელს პოლიციის განყოფილებაში პრეტენზია არ გამოუთქვამს.

„10 დეკემბერს „112-ზე“ შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის  სამმართველოს პოლიციის პირველ  განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის  საქმეზე.  თბილისში,  „მწვანე სკოლის“  შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების  ფაქტზე.

შეტყობინება „112- ში“ სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა დატოვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და  საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო  „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივთ, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა  მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ  მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება.

მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.

მოზარდის დედას   პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს“. – ამბობენ უწყებაში.

უწყების წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეს მწვანე სკოლის კედლის მოხატვის ფაქტი არ უღიარებია არც ათ დეკემბერს განყოფილებაში გამოკითხვის დროს და არც 11-ში. შსს-ში, ასევე, ამბობენ, რომ 11 დეკემბერს განყოფილებაში მოსწავლე მშობელმა თავისი ინიციატივით მიიყვანა, თუმცა განყოფილებაში შესულმა არასრულწლოვანმა გამოკითხვაზე უარი განაცხადა და შენობა მალევე მშობელთან ერთად დატოვა.

უწყების ცნობით, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში  დაიწყო.

გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს  შევიდა  და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

საიას განცხადების მიხედვით, არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული.