შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის შეძენილი პირველი ვერტმფრენი გადაეცა

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას „H 145“ ვერტმფრენი შეემატა.

2022 წელს თავდაცვის სამინისტრომ სამი „H145“ ვერტმფრენი შეიძინა. სამინისტროს ცნობით, ორი ბორტი ქართულ მხარეს ივნისამდე გადმოეცემა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში გადასცეს.

„თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” ერთ-ერთი უახლესი მოდელია. ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას.

ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.

მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან. მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.