შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, 51 წლის მოქალაქე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში კორონავირუსით გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, პოლიციის თანამშრომელს Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. უწყების განცხადებით, გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები- ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ჯამში 5 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 508 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 2 პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9753;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5235;
- მათ შორის გარდაცვლილი – 63;
- კარანტინის რეჟიმში – 5824;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1310;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.