შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტების შესახებ ისაუბრა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებასა და პოლიციელთა ღირსების შელახვას“, – თქვა გიორგობიანმა.
მისი განცხადებით, ყოველდღიურად ვრცელდება სამინისტროს შესახებ ცრუ ინფორმაცია, რისი მიზანიც, მისი მტკიცებით, უწყების მიმართ ნდობის შესუსტებაა.
ნინო გიორგობიანმა ხაზი გაუსვა პოლიციელების მუშაობის გადატვირთულ რეჟიმს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.
„ბევრი მათგანი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობს. იცით, ალბათ, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამშრომელს ახლად შეძენილი შვილები თვეების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. და აი, ამ რთულ ვითარებაში ხდება მათზე თავდასხმები“, – თქვა გიორგობიანმა.
მან აღნიშნა, რომ უწყებაში, დაახლოებით, 40 000 თანამშრომელი მუშაობს და ამის გამო არ გამორიცხა „გადაცდომის ერთეული შემთხვევები“. მისი თქმით, ასეთ შემთხვევებზე სამინისტრო რეაგირებს და ინფორმაციას თავადვე აწვდის მედიას.
ნინო გიორგობიანმა დაასახელა რამდენიმე მაგალითი, რომელიც, მისი თქმით, ემსახურებოდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
„ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა. რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა. ეს იყო ფეიკნიუსის კლასიკური მაგალითი.
ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში უმძიმესი ბრალდება მოვისმინეთ, თითქოს პოლიცია და კონკრეტული პოლიციელები პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ. აქაც, ამ შემთხვევაშიც, ანონსშივე მტკიცებით ფორმაში გავიდა ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ვუთხარით, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მათ მაინც გააგრძელეს სიცრუის ტირაჟირება. აგრეთვე, რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.
დეზინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შიდა ქართლის პოლიციის ახლად დანიშნული უფროსის მიმართ ერთდროულად რამდენიმე არხის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ილია კვაღინიძემ თავად გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არასდროს უმუშავია, მთელი დღის განმავლობაში მედია კვლავ განაგრძობდა ცრუ ინფორმაციისა და ფოტოსურათების ტირაჟირებას, იმ ფოტოების, რომელთაგან მხოლოდ ერთ ფოტოზე ჩანდა ჩემი კოლეგა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე სამინისტრო რეაგირებს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისთანავე ხდება მისი გამოძიება.
ნინო გიორგობიანმა „მედიასთან კარგი თანამშრომლობის მაგალითიც“ გაიხსენა და მედიასაშუალებებს მადლობა გადაუხადა. ასევე ცრუ ინფორმაციებზე რეაგირების პირობა დადო და განაცხადა, რომ სამინისტრო სამართლებრივად დაიცავს იმ თანამშრომელთა უფლებებს, ვისი პატივი და ღირსებაც შეილახა.
გიორგობიანის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.