18 იანვარს თვითმხილველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ აქციის მონაწილეები, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია, უცხო პირებმა მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.
,,გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო ,,რუსთაველიდან”, ჩატენეს მანქანაში, გამოვიძახეთ პოლიცია, მხოლოდ რეგირების ოქმი შეავსეს. თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომრები: QQ734KQ, GM032MM, M040717. დაგვეხმარეთ მოძებნაში”, – დაწერა მარიამ ჯიქიამ „დაიტოვეში“.
ამავე ჯგუფში გავრცელდა ვიდეოც.
მეგობრები წერენ, რომ ამ დრომდე ვერ ახერხებენ მათი ადგილსამყოფელის დადგენას და იზოლატორებში მათ უშედეგოდ ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეტრო „რუსთაველთან“ ორი პირი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე (პოლიციის დაუმორჩილებლობა) და 174-ე (შეკრების და მანიფესტაციის წესის დარღვევა) დააკავეს.
მათი დაკავება, სავარაუდოდ, დაუმორჩილებლობის მარშს უკავშირდება. მარშის მონაწილეებმა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში „ოცნების“ მიერ შეტანილი, მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერილი ცვლილებები დემონსტრაციულად დაარღვიეს – გაიკეთეს ნიღბები, გამოიყენეს ლაზერები და პიროტექნიკა.