შსს-ს თქმით, დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პუბლიკა

მასალა განახლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„საქმეზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

მოქალაქე დავით ფუთურიძე TV პირველთან საუბარში ჰყვება, რომ პოლიციამ მას საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისივე თქმით, ამოღებულია ტანსაცმელი და ფოიერვერკები.

„მეკითხებოდნენ 28 იანვარს სად იყავიო, რატომ იყავი ამ და ამ პიროვნებებთანო, მათ შორის ნიკოლოზ ლაცაბიძესთან ერთად და მესამეს ვერ დაგისახელებთ მისი თანხმობის გარეშე. პრობლემა ის არის, რომ იმ მესამე პიროვნების გვარი არ ვიცოდი, სახელით ვიცნობდი და თვითონ მითხრეს, ვისთან ერთად ვიყავი მე. შემდეგ მაჩვენეს კადრები, სადაც მეტროს ფასადებზე ვწერთ წარწერებს. შემდეგ მითხრეს, უნდა შეგვესრულებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამის ფარგლებში წაგვიყვანეს, სადაც დავწერეთ, ვუთხარით ყველაფერი. შემდეგ წამოვედით ჩემთან სახლში და ამის შემდეგ გავიგე, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს გვეცვა, ასევე ამოიღეს ფოიერვერკები, რომელიც სახლში გვედო… წაიღეს ორი შარვალი, ერთი რომელიც მე მეცვა, მეორე ნიკოლოზსს, ხელთათმანი, ქურთუკი, მოსაცმელი და ბალაკლავა”, – თქვა დავით ფუთურიძემ.

კიდევ ერთი მოქალაქე, ნიკოლოზ ლაცაბიძე ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

„მიზეზი როგორც მითხრეს, პროპაგანდის და აგრესიისკენ მოწოდებაა ხალხის. ასევე, როგორც მითხრეს, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს მედავებიან. არაფერი არ გამიკეთებია და ვერ მივხვდი, რას მედავებიან. ერთი შემიძლია ვთქვა ფოიერვერკზე, რომ გამოყენებული ნამდვილად არ ყოფილა არალეგალურად.

28-ში კი მე ვიყავი დათო ფუთურიძესთან მისული და დავრჩი, ალბათ, მაგიტომ გვედავებიან ჩვენ ორივეს. არადა, რეალურად ვიდეოთამაშები ვითამაშეთ. ეცადნენ, გამოეტყუათ, რომ რაიმე დანაშაული ჩავიდინე. მამაჩემია მხატვარი და საღებავები გვაქვს, რა თქმა უნდა, ნახეს. ჩემი პირადი ნივთები, რომელიც ჩანთაში მქონდა, ერთი ეს არის ტელეფონი, ხელთათმანი, ორი ცალი რესპირატორი, წყლის სათვალე, საყვირი – აქციებისთვის მჭირდება და დამაქვს, ამათი ტარების უფლება ყველას გვაქვს, კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ არის – ეგენი დაიტოვეს. კიდევ ერთი ცალი ბალაკლავა დაიტოვეს”, – ამბობს ლაცაბიძე.

ინფორმაცია ფუთურიძისა და ლაცაბიძის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი ბედელაძემ გაავრცელა.

„დათო ფუთურიძე აიყვანა დღეს პოლიციამ ვაჟაზე (გზაზე გააჩერეს). 12 საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ. ახლა მის სახლს ჩხრეკს პოლიცია – როგორც ამბობენ, პულივერიზატორებით მოხატვის გამო. ამ დრომდე ვეძებთ დათოს მეგობარს, ნიკოლოზ ლაცაბიძეს, რომელიც ასევე აიყვანეს ქუჩიდან, ორივე იყო მარტო”, – წერდა ბედელაძე.