შსს საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულ პოლიციელზე ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

„თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.