შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამეგრელოს პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი – 1970 წელს დაბადებული მ.გ. და წარსულში ნასამართლევი 1980 წელს დაბადებული ლ.ქ. დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების ავტომობილის, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდები, ვაზნები და ფეთქებადი ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – წერია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.