შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. მათგან 25 მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და „სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები”.
შსს-ის თანახმად, მათგან 10-მა საქართველო უკვე დატოვა.
„შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყნიდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს”. – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.