შსს: საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დავაკავეთ

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის – ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის, თურქეთის, კოტ-დივუარის, სუდანის, ნიგერიის, იორდანიისა და ინდოეთის მოქალაქეები.

„ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“,- ნათქვამია განცახდებაში.

შსს-ს ცნობით, ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.