შსს: სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა.

შსს აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქეები სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალიდან“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოიყვანეს და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს გადასცეს, ხოლო უკრაინულმა მხარემ უზრუნველყო ამ პირების ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმედს ვიტოვებთ, რომ საზღვარზე დარჩენილ პირებთან დაკავშირებით პროცესი აღარ გაჭიანურდება და ისინი დროულად, უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა, რომლებიც მოითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას „არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები“.

შსს ამტკიცებს, რომ ამ პირებს არ მიეცათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, „რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის“. გარდა ამისა, შსს ამბობს, რომ მათ არ ჰქონდათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.