შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ 1981 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ო.ფ., 1988 წელს დაბადებული თ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ს.ი., 1989 წელს დაბადებული ჰ.ო. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა. პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.