შსს შეიწავლის სააკაშვილის განცხადებას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება შეისწავლის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

შსს-ში ამბობენ, რომ აღნიშნული განცხადება „წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა”.

„გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც – „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“. აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება”, – აცხადებენ შსს-ში.


20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.