თავდამსხმელს ბანკიდან მძევლებთან ერთად პოლიციის უფროსიც გაჰყვა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ მძევლებთაგან ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავაა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელაწეული ნიღბიანი თავდამსხმელი, რომელსაც ხელში, სავარაუდოდ, ყუმბარა უჭირავს, შენობიდან ხელებშეკრულ მძევლებთან ერთად გამოდის. მათ შორის ერთ-ერთია ავთანდილ გალდავა.

სავარაუდოდ, სწორედ გალდავა აწარმოებდა გამტაცებელთან მოლაპარეკებას და  მოთხოვნილი თანხაც მანვე გადასცა.

იქამდე კი ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ სამი კაცის გარდა ყველა გამოუშვეს.

„პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში“, – დაწერა კვარაცხელიამ.


21 ოქტომბერს თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები შუადღეს აიყვანა. რამდენიმე საათის წინ კი შენობა რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა და მანქანით გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ არ გაუვრცელებია.