შსს: შიდა ქართლში პოლიციამ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, მათთან მკვლელობამდე ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი გაცემული არ იყო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.