შსს: შიდა ქართლში უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს - დაკავებულია 2 პირი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლში დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს.

სამართალდამცველების მიერ, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.

პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14.000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე, ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.