შსს: შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

პუბლიკა

„სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს, ერთი მხრივ, შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, – სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.