შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ ხელთუბანში 3 პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. დაკავებულია 5 ადამიანი
შსს-ის ცნობით, გორის სოფელ ხელთუბანში პოლიციელებს 5 ადამიანი 15 ივლისს დაესხა თავს.
უწყება წერს, რომ შედეგად პოლიციელებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
შსს-ის თანახმად, პოლიციელებმა თავდასხმამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
„გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი – 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს”. – წერს შსს.
უწყების ცნობით, პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა, ჩადენილი ჯგუფურად. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.