შსს-ს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, მაცხოვრებელი პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, ურთულეს რელიეფურ პირობებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ და შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას. მეხანძრე-მაშველები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ და სხვადასხვა სოფელში მოსახლეობას საკვებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებითა და მედიკამენტებით ამარაგებენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები. ჯერ კიდევ არაა ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გაწმენდილი. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს არ მიეოწდებოდა გაზი და ელექტროენერგია. ვრცელდება ინფომრაცია თოვლისგან დაზიანებული სახლების შესახებ, სადაც მოსახლეობის ნაწილი ცხოვრებას ვეღარ ახერხებს.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა იმერეთშიც. არსებული ინფორმაციით, გარე სამყაროს მოწყვეტილი რჩება 40 სოფელი. ეს ძირითადად მაღალმთიანი ზონების დასახლებაა. რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით ოჯახს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და გაზი, ზოგიერთ სოფელში ეს პრობლემა კვლავ დგას.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერმა თოვლმა და სტიქიურმა მოვლენებმა განსაკუთრებით მძიმე ვითარება შექმნა მაღალმთიან სოფლებში. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, გაწმენდითი სამუშაოები, რთული რელიეფის გამო გართულდა, რის გამოც სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია და გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება.
რთული ვითარება იყო ვანის მუნიციპალიტეტშიც. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, მუნიციპალიტეტის 42 სოფელიდან, ამჟამად 37 სოფელში მიმავალი გზა სოფლის ცენტრამდე უკვე გახსნილია, გზის გარეშე დარჩენილია 5 სოფელი, სადაც გზა მისი ინფორმაციით, ხვალისთვის, დღის ბოლომდე უნდა გაიხსნას