შსს: სოფელ კოდასთან ავტომობილი 4 მოქალაქეს შეეჯახა, ოთხივე დაიღუპა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა, რა დროსაც 3 პირი ადგილზე, ხოლო მეოთხე – კლინიკაში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია.

„მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის” მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.