ამ წუთებში მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშიას” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„პოლიცია, რომელიც, წესით, მოქალაქეებს უნდა იცავდეს, ძალადობს ადამიანებზე. ლუკა სირაძე სისტემის პირველი მსხვერპლი არ არის – დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ზურაბ დადეშელი, ლევან აბზიანიძე და სხვები – პოლიციის მხრიდან გულგრილობისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს, 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.