შსს: თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის – ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.