შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.
უწყების განმარტებით, ის ტერიტორია, სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებია და მისი ბლოკირება სისხლის სამართლის წესით ისჯება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ვრცელდება ინფორმაცია, 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართი შეკრება- მანიფესტაციის შესახებ.
გვსურს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაცნობოთ, რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანხმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას.
აქვე, გვსურს, განვმარტოთ, რომ სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, ასევე, მაგისტრალებსა და დედაქალაქში შესასვლელ და გასასვლელ ცენტრალურ გზებს. კერძოდ – იმ ტერიტორიასაც, სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა, – ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ გუშინ, 31 იანვარს გამოსცა.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „თბილისი მოლთან” აქციის ინიციატორთა განცხადებაც გავრცელდა. ისინი აქციას არ აუქმებენ.
„გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი!
ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება!
ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!
ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ვითხოვთ ახალ არჩევნებს!
შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!”, – ნათქვამია განცხადებაში.