შსს: თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

პუბლიკა

შსს-ს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია.

დაკავებულებს შორისაა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თბილისში დააკავეს. მას სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა უპოვეს.

ასევე დაკავებულები არიან 2002 წელს დაბადებული რ.შ. და 1984 წელს დაბადებული გ.ჭ. მათ ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 9 ვაზნა უპოვეს.

დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული ს.მ და 1995 წელს დაბადებული რ.ი, ასევე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.შ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა ამოიღეს.

კახეთში 2 პირი დააკავეს, მათგან ერთი ასევე წარსულში ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა ბრალდებულებთან ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 105 ვაზნა, 2 მჭიდი და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელოში დააკავეს 1965 წელს დაბადებული თ.ქ , ხოლო 1992 წელს დაბადებული
პირი ამხილეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა.

აჭარაში 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.რ. დააკავეს. ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი: 1973 წელს დაბადებული გ.თ. და 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. დააკავეს. ბრალდებულების ავტომობილის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 73 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს ჟინვალის პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული რ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ე.წ. აბრეზი და 19 ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.