შსს-ს ცნობით, პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით 2004 წელს დაბადებული გ.ა. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.გ., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ახალაია. მკვლელობა 16 მარტს, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში სიტყვიერი დაპიროსპირების შემდეგ დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.