შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჯგუფური ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს: 1987 წელს დაბადებული დ.ო., 1998 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1992 წელს დაბადებული კ.მ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 2 პირს: ა.ბ.-ს და დ.ფ.-ს. განხორციელებული ძალადობის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.