შსს: თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია

პუბლიკა

„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების თანახმად, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე 26 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, „ფორმულას” ინფორმაციით, 15 მაღაზია დაიწვა.

შსს-ის ცნობით, თანახმად, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის სავარაუდოდ პირველი კერა სწორედ ელექტროსადენებიდან ჩნდება.

მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს, 26 აგვისტოს, გამთენიისას, შემოვიდა.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები.

არსებობდა ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”. – წერს უწყება.