შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ შეწყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს, უწყება იძულებული გახდება, გამოიყენოს ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”.
შსს აცხადებს, რომ აქცია „სრულად ძალადობრივი” გახდა და „გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და მასობრივად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს”.
შსს-ის განცხადების თანახმად:
„აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროლეს პიროტექნიკა.
გარდა ამისა, ქვებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით დააზიანეს პარლამენტის წინა და გვერდით ფასადზე განთავსებულ სამუშაო ოთახების ფანჯრები. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში ისროლეს ცეცხლმოკიდებული ნივთები რის შედეგად პარლამენტის შენობის რამდენიმე ოთახში გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ასევე, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირები, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დღეს მიმდინარე აქციაზე დამწვრობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების კანონიერ მითითებებს.
იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან სამართალდამცველების მითითებებს და განაგრძობენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, გააგრძელებენ პარლამენტის შენობის დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებას და სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდება გამოიყენოს კანონით დადგენილი ყველა სპეციალური საშუალება და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა”.
მოქალაქეები უკვე მესამე დღეა, აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკება.
პოლიცია აქციის მონაწილეებზე სასტიკად ძალადობს და მათ ფიზიკურად უსწორდება.