შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია.
„საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამსახურების მიერ, სამდღიან უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბორტზე მყოფი ოცივე პირის ცხედარი ნაპოვნია.
„ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია. გუშინ 19 ცხედარი გადავასვენეთ პროზექტურაში. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კი ვიპოვეთ მეოცე ცხედარიც – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს მუშაობს.
გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია და მიმდინარეობს ექსპერტიზა. საგამოძიებო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო ათასზე მეტი ადამიანი, როგორც ქართული, ასევე, თურქული მხარის წარმომადგენლები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერჯერობით, ავიაკატასტროფის მიზეზი დადგენილი არაა.
თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 11 ნოემბერს ჩამოვარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.