შსს უჩა აბაშიძის დაკავებაზე პირველ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებაზე პირველ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

განცხადებით ასევე ირკვევა, რომ შსს-ს სხვადასხვა სამთავრობო უწყების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება აქვს დაწყებული, „რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს”.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, – ნათქვამია განცხადებაში.


აღსანიშნავნია, რომ ოჯახის ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატებთან დარეკვის შესაძლებლობა. მოგვიანებით, მოქალაქეები მის საცხოვრებელ სახლთან სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ. ადგილზე მივიდნენ ადვოკატებიც – გიორგი მახარაძე, ანა გახოკიძე, თუმცა მათ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ბინაში შესვლის შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.