შსს: უცხოელ დიპლომატებს 8 ნოემბრის აქციის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მივაწოდეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ“, – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, საქართველოს უწყების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო პარტნიორებისთვის პროაქტიულ რეჟიმში მიწოდების თაობაზე.