შტაბი მზადაა, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, გარდაბნის რაიონში საკარანტინო პირობები გამკაცრდეს – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საკოორდინაციო შტაბი მზად არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, საკარანტინო პირობები გამკაცრდეს.

როგორც პრემიერმა განაცხადა,  ამ რაიონიდან მოსახლეობა თბილისში სხვადასხვა ბაზარსა და ბაზრობაზე მუშაობს, ამიტომ ასეთ ზონებშიც გამკაცრდება კონტროლი.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ გავრცელება, ძირითადად, კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სოფლების სოციალური სტრუქტურა გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და ქალაქის სხვადასხვა ბაზარსა თუ ბაზრობაზე.

ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდება კონტროლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება. შერჩევით ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა ის, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება, სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა გახარიამ.