შუახევი ჰესზე იყო ზედამხედველობის პრობლემა, ვფიქრობთ, ნამახვანჰესზე სხვანაირად ავაწყოთ – თურნავა

პუბლიკა

პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს უსმენენ, ნათია თურნავა დეპუტატების, დარგის სპეციალისტების, ადგილობრივებისა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს პასუხობს.

მან საქართველოში არსებულ იმ ჰესებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც ექსპლუატაციის პროცესში პრობლემა შეექმნა. მინისტრის თქმით, შუახევი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნა ზედამხედველობის პრობლემა, რის გამოსწორებასაც სამინისტრო ნამახვანჰესის შემთხვევაში გეგმავს.

„რაც შეეხება შუახევს, რაც შეეხება სხვა რამდენიმე ჰესის შემთხვევას, ავარიები, რა თქმა უნდა, ყველგან ხდება. არ არის აუცილებელი, რომ ეს ჰიდროსადგურზე მოხდეს, თბოსადგურზე, მაგალითად, შეგახსენებთ მე-10 ბლოკის აფეთქება და ა.შ. ეს არასდროს არ არის გამორიცხული.

სხვადასხვა მიზეზი არის აქ. შუახევზე, მაგალითად, მოხდა ისე, რომ გვირაბში შეიქმნა გარკვეული ავარიული სიტუაცია. საბედნიეროდ, ამას არ გამოუწვევია არანაირი გარე შედეგები და ზიანი. თუკი ვინმე დაზარალდა, პირველ რიგში დაზარალდა თვითონ კომპანია, რადგან 130 მილიონი დოლარის დადება მოუხდათ იმისთვის, რომ აღმოფხვრან ეს შედეგი. დღეს ეს შედეგი აღმოფხვრილია, ერთი წელი, წელიწადზე მეტი დაიკარგა გამომუშავება. ქვეყანამაც დაკარგა, რა თქმა უნდა, კომპანიამაც დაკარგა შემოსავლები. დღესდღეობით მუშაობს.

მაგრამ რაც გამოვლინდა ამ სიტუაციაში, ჩვენ მივიღეთ ისეთი ზომები, რომელიც პრინციპში არასდროს ყოფილა აქამდე. შევქმენით სპეციალური საზედამხედველო საბჭო, ბატონი დავით მირცხულავა, პროფესორი, დოქტორი ხელმძღვანელობს  ამ საბჭოს. სხვა ენერგეტიკოსები არიან შესულები და ღიაა ამ საბჭოს კარი და შეიძლება ნებისმიერი მოთხოვნა განვიხილოთ და ჩავრთოთ დაინტერესებული ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ ასეთ შემთხვევებს, მათ შორის, შუახევზეც შეისწავლა, იქ იყო ზედამხედველობის პრობლემა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამახვანიჰესის მშენებლობაზე ზედამხედველობაც სხვანაირად ავაწყოთ და იქაც იყოს მაქსიმალური ჩართულობა ქართველი ექსპერტების, გნებავთ, ადგილობრივი მოსახლეობისაც“, – თქვა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის მოსაზრება, რომ კაშხლები ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო ნაგებობაცაა.

„[შუახევი ჰესის” შემთხვევაში] პასუხისმგებლობა ფინანსური დააწვა კომპანიას, რომელიც ვალდებული გახდა, ეს არის პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლებრივი დარღვევა იქ არ მომხდარა, მოხდა კოლაფსი თვითონ გვირაბში, 130 მილიონი დოლარი თავისი ჯიბიდან ზევიდან დადო და ეგ არის.

„დარიალის” შემთხვევაში, „მესტია ჭალის” შემთხვევაში, მე პირიქით მინდა გითხრათ, და ამაზე ჩემზე კარგად სპეციალისტები ისაუბრებენ, რომ რომ არა ეს ორი ჰესი, ის სტიქია მაშინ გაცილებით უფრო დამანგრეველი იქნებოდა.

უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ კაშხლები არ არის მარტო ჰიდრო ნაგებობა ჰესისთვის, კაშხალი არის მათ შორის ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო ნაგებობა, რომელიც მეწყერსაწინააღმდეგო არის“, – დაამატა თურნავამ.