შუახევის პოლიციის უფროსი და დეტექტივების განყოფილების უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა
content image

შსს-ს ცნობით, შუახევის პოლიციის უფროსი და დეტექტივების განყოფილების უფროსი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს მოსთხოვა, აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღვოდათ, იძულებულნი გახდნენ, მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“, პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა, კერძოდ კი, მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს, აღნიშნულის განხორციელებას კი თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ორივე მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით არიან დაკავებულნი.