„შუბლის ძარღვგაწყვეტილები" – არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამები ანონიმურ facebook-გვერდებზე

პუბლიკა

პოლიტიკური რეკლამების დეკლარირებას არ ახდენენ ანონიმური „ფეისბუქგვერდები“, რომლებიც, ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით  ასპონსორებენ პოსტებს, – „სამართლიანი არჩევნები“ „ფეისბუქის“ მიერ საქართველოში პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს ავრცელებს.

ISFED წერს, რომ „ფეისბუქის“ მიერ დადგენილი სავალდებულო ავტორიზაციის მიუხედავად, ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე კვლავ ცდილობენ, თავი აარიდონ სავალდებულო წესებს და პოლიტიკურ რეკლამებს გამჭვირვალობის სტანდარტის გვერდის ავლით აქვეყნებენ.

„სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს მათ მიერ აღმოჩენილ არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამების ჩამონათვალს ანონიმურ, ცრუ მედიისა და დისკრედიტაციულ გვერდებზე, რომლებიც 7 აგვისტოდან განთავსდა:

„უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურ სვანიძის მიერ მართულ გვერდებზე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ თითქმის ყველა სხვა პარტიის და პოლიტიკური ლიდერის დისკრედიტაციას ეწევა, პოლიტიკური რეკლამები ასევე დეკლარირების გარეშე ქვეყნდება”, – წერს ISFED.

„ანალოგურად, „ფეისბუქის“ მოთხოვნებისგან გვერდის ავლას ცდილობენ ცრუ მედიის გვერდებიც, რომლებიც თავს მედია საშუალებად წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ პოლიტიკურ პიარსა და პროპაგანდას ანონიმურად აწარმოებენ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ აღნიშნულ გვერდებზე განთავსებული არაერთი დაუდეკლარირებელი რეკლამა იქნა გასაჩივრებული. მათი ნაწილის მოქმედება „ფეისბუქმა“ შეაჩერა, დიდი ნაწილი კი პოლიტიკური რეკლამის დაუდეკლარირებლობის გამო ამ დროისთვის რეკლამების ბიბლიოთეკაში აღარ იძებნება”, – ნათქვამია ანგარიშში.