შუღლის გაღვივების საქმის ფარგლებში სუს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს​

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯეირათის“ თავმჯდომარეს, ზუმრუდ ყურბანოვს მოწმის სახით კითხავს.

ყურბანოვმა გამოკითხვაზე შესვლის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ადვოკატის საშუალებით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე გამოკითხავდნენ.

„ვიღაცას უნდა ამ რეგიონში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება გამოიწვიოს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაძაბულობა შემოიტანონ. ვინ ვართ ჩვენ – ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი. არავის მივცემთ უფლებას თავის პოლიტიკური გეგმები და ინტერესები სახელმწიფოს ინტერესების წინ დააყენოს”, – განაცხადა მან სუს-ში შესვლამდე.

ადვოკატი ქამრან ამჯანოღლი ჟურნალისტებთან აცხადებს ყურბანოვი მესამე ადამიანია, ვის გამოკითხვასაც ის დაესწრება. ადვოკატი ამბობს, რომ მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, რის გამოც გამოძიების კითხვების შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

„საქმის ფარგლებში, მე ვისაც ვიცავ, არავის არ აქვს ბრალი წარდგენილი. ამ ეტაპზე ისინი სარგებლობენ მოწმის უფლებებითა და მოვალეობებით.

გამოძიება მივა იმ მიმართულებით, რომ საქმეზე დადგება ობიექტური ჭეშმარიტება. კითხვები, რაც დაესვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, იყო ლოგიკური კითხვები”, – განუცხადა ჟურნალისტებს ყურბანოვის ადვოკატმა ქამრან ამჯანოღლიმ.

„მარნეულის რადიოს“ ინფორმაციით, დღეს ასევე გამოიკითხება პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად გახრამანოვი.

როგორც გახარამინოვი „მარნეულის რადიოსთან” ამბობს, უთხრეს, რომ საკითხი ნარიმან ნარიმანოვის ძეგლს ეხება. „მე ვუთხარი, რომ ჩემს ადვოკატს დავუკავშირდებოდი და პასუხს გავაგებინებდი. ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, სუს-ში წასვლას ვგეგმავ. ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის შემდეგ ასეთი მოვლენები ხდება”, – ამბობს გახარამინოვი.

ასევე „მარნეულის რადიოს” ინფორმაციით, დღეს გამოკითხვაზე მივა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი სეიდ მირთაგი ასადოვი.

„ჩემი სუს-ში დაბარების მიზეზი ბოლო პერიოდში ჩემ სამოქალაქო და რელიგიურ საქმიანობას შესაძლოა უკავშირდებოდეს. ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენების დროს ჩვენ ხალხის გვერდით ვიდექით და ვამბობთ, რომ ჩვენ არეულობის მომხრეები არ ვართ და სიმშვიდე გვჭირდება. გვჭირდება ერთიანობა და ეს მიწა ყველას ეკუთვნის“, – ამბობს რადიოსთან სეიდ მირთაგი ასადოვი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „პუბლიკას“ დაუდასტურეს, რომ ზუმრუდ ყურბანოვს ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოკითხავენ, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, მასთან ერთად კიდევ ვინ გამოიკითხება დღეს და კონკრეტულად რა თემასთან დაკავშირებით. „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებს ვეღარ მოგვაწვდიან.

„მარნეულის რადიოს“ ინფორმაციით, 3 ივნისს გამოიკითხა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა, რომელიც დაკითხვის შინაარსსა და კითხვებზე არ საუბრობს. 4 ივნისს გამოიკითხა ასევე მარნეულელი ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ. როგორც თავად ამბობს, მისი დაბარების მიზეზი, 2018 წელს ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებთ პოსტის გაზიარება გახდა.

3 ივნისს ე.წ. ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე გამოიკითხა  „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა.


30 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

რაც შეეხება საქმეს, რომელსაც ქაცარავა სტატუსში „თეთრი ძაფით შეკერილს“ უწოდებს, 2019 წლის 20 აგვისტოს მომხდარს შეეხება, რა დროსაც სოფელ ბობნევში საოკუპაციო ზოლის მიმდებრედ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოხდა. დავით ქაცარავას ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. ქაცარავას ინფორმაციით, ონლაინსასამართლო პროცესი 3 ივნისს 14:00-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ტექნიკური მიზეზით გადაიდო.


2020 წლის 25 მაისს გავრცელდა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის ქადაგების კადრები, რომელშიც იგი მარნეულში, ქალაქის ცენტრში, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს საბჭოთა სიმბოლოს მფარველობაში.