შუქრუთელები კომპანიასთან შეხვედრაზე: გვაქვს განცდა, რომ ეს ემსახურება დროის გაწელვას

პუბლიკა

„დღევანდელი შეხვედრიდან ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიის მხრიდან არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა”, – ასე აფასებს „პუბლიკასთან” საუბრისას კომპანიასთან შეხვედრის დეტალებს შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე.

დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკების პროცესში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ნეფარიძე ამბობს, რომ, თუ მომდევნო დღეებში ვერ დაინახავენ კომპანიის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, კვლავ მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას – შიმშილობას.

„ჩვენ დღეს გაგვიჩნდა განცდა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება დროის გაწელვას და არჩევნების გადაგორებას. ჩვენ ამ ყველაფერს ვერ დაველოდებით. მხოლოდ რამდენიმე დღე დაველოდებით, რამდენიმე შეხვედრას, რომ უკვე კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები დავინახოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შემდეგი ნაბიჯი – რამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივად ჩავანაცვლებთ მოშიმშილეებს, გადავალთ ისევ რადიკალურ ფორმებზე, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – ამოვიკერავთ პირს, ოღონდ ამ შემთხვევაში დავიწყებთ მშრალ შიმშილობას“, – განაცხადა ნეფარიძემ.

ნეფარიძეს მიაჩნია, რომ კომპანიას არ უნდა, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მათი საქმიანობის შედეგად სოფლის ტერიტორიაზე ხდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს განსახლების პროცესზე მუშაობა და კომპენსაციის დათვლა შესაბამისად მოხდეს.

როგორც ის ამბობს, კომპენსაციის დათვლა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს სახელმწიფოს აქვს პრაქტიკაში დადგენილი იმ პროექტებზე, რომლებსაც თავად ახორციელებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეუქცევადი პროცესი და უნდა მოხდეს განსახლება. ხელთ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტაციაც და ვერ ვხვდებით, რატომ უნდა მოხდეს სხვა მეთოდოლოგიითა და სხვა მიდგომით განსახლება და ახალი ველოსიპედის გამოგონება, როდესაც პრაქტიკა უკვე არსებობს – როდესაც გაჰყავთ მაგისტრალები, მაღალი ძაბვის ელექტრობოძები… ეს ყველაფერი ავიღეთ სახელმწიფო იმ მიდგომიდან, რომელი სტანდარტები და ნორმებიც სახელმწიფოს აქვს დადგენილი“, – ამბობს ნეფარიძემ.

შეკითხვაზე, პირველ ეტაპზე რამდენი ოჯახი საჭიროებს განსახლებას, ნეფარიძე ამბობს:

„მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რაც თვალშისაცემია, რომ ჩემი უბანი  („ნოზაძეების უბანს“ ეძახიან) თავიდან ბოლომდე გასასახლებელია. ასევე არის შუქრუთში არსებული თითქმის ყველა, ექვსივე უბანი, სადაც შეუქცევადი პროცესები მიდის.

თვალში ნაცრის შეყრა იქნება და სხვა არაფერი, რომ ვისაუბროთ მხოლოდ დღეის მდგომარეობით არსებულ დაზიანებებზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სრულ შეფასებაზე, რადგან კომპანია კი არ წყვეტს მუშაობას, კომპანიას უნდა მასშტაბების გაზრდა და სამუშაო პროცესის აღდგენა.

ეს კი უკვე შეუქცევად დანგრევის პროცესს კი არ შეაჩერებს, უფრო დააჩქარებს. ამიტომ, დღეს ჩვენ რომ ვისაუბროთ მოყენებული ზიანის შეფასებაზე და ერთი ან ექვსი თვის მერე ისევ ჩიხში შევიდეთ და ისევ მოგვიწიოს გადასახლებაზე საუბარი… ამიტომ უნდა დარეგულირდეს ეს სახელმწიფო სტანდარტებითა და ნორმებით, და ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი ხელშეკრულებითა და სახელმწიფოს ჩართულობით გადაიჭრას“, – განაცხადა ნეფარიძემ.

როგორც ის განმარტავს, კომპანიასა და სახელმწიფოს წარმომადგენელს თავად გაუგზავნეს ხელშეკრულება, სადაც გაწერილია მათთვის ყველა მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. ასევე მიაწოდეს ხედვა ქონების შეფასების მეთოდოლოგიაზეც.

„პუბლიკა” ეცდება მოიპოვოს კომენტარი იმის შესახებ,  თუ რა პოზიცია აქვს კომპანიას შუქრუთელების შეთავაზებაზე.


შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკების პროცესი დღეს დაიწყო – უწყვეტი პროტესტის 220-ე დღეს; კომპანიამ მათთან შეხვედრისკენ ნაბიჯი შიმშილობის 43-ე დღეს გადადგა. შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პარლამენტის წინ 24-საათიანი პროტესტი გრძელდება; 6 მოშიმშილე ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მედიატორის როლში შეხვედრას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებოდა. შუქრუთელები კომპანიისგან დაზიანებული სახლების ადეკვატურ შეფასებასა და სრულ კომპენსაციას მოითხოვენ. ხვალ, 17 ოქტომბერს სოფელ შუქრუთის სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.