შუქრუთელების პროტესტი უკან ბრუნდება: „ადგილზე უნდა ვიყოთ, რომ კომპანიამ სამუშაოები ვერ აღადგინოს"

პუბლიკა

შუქრუთელების პროტესტი თბილისიდან უკან, სოფელში ბრუნდება, – როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებით დროის გაწელვის მცდელობამ და კომპანიის სოფელში გააქტიურებამ განაპირობა.

მისი თქმით, ვინაიდან ადგილობრივებმა პროტესტისთვის დედაქალაქში გადმოინაცვლეს, კომპანია ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს.

„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ისევ ადგილზე დავბრუნდეთ და გავამაგროთ ის ტერიტორიები, სადაც კომპანიას სამუშაო პროცესის აღდგენის სურვილი აქვს.

ვხედავთ, რომ დროის გაყვანის გარდა რეალური ქმედითი ნაბიჯი კომპანიამ არაფერი არ გადადგა. ვერც ის დავინახეთ, რომ კომპანიას პრინციპულად დაუყენა საკითხი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა.

სამწუხაროდ, ბოლოს დაგეგმილი შეხვედრაც აღარ ჩანიშნულა, მოლოდინის რეჟიმში კი იქაც ირევა სიტუაცია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით, დავბრუნებულიყავით იქ, სადაც მაღაროებისა და ვახტების შესასვლელებია, რათა კომპანიამ სამუშაო პროცესი არ აღადგინოს”, – ამბობს ნეფარიძე.


შუქრუთელებმა უწყვეტ პროტესტს 2024 წლის მარტიდან მიმართეს, 11 სექტემბერს კი მათ თბილისში გადმოინაცვლეს, დაიწყეს შიმშილობა და რამდენიმე მათგანმა პირიც ამოიკერა.

შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკების პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყო – უწყვეტი პროტესტის 220-ე დღეს; კომპანიამ მათთან შეხვედრისკენ ნაბიჯი შიმშილობის 43-ე დღეს გადადგა. შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პარლამენტის წინ 24-საათიანი პროტესტი გრძელდებოდა.

კომპანიის წარმომადგენლებთან სამი შეხვედრა გაიმართა, თუმცა როგორც შუქრუთელები ამბობდნენ, მათ რჩებოდათ განცდა, რომ  ეს ყველაფერი დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

მედიატორის როლში შეხვედრას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებოდა. შუქრუთელები კომპანიისგან დაზიანებული სახლების ადეკვატურ შეფასებასა და სრულ კომპენსაციას მოითხოვენ.