დღეს პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პირდაპირი ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ მსველობით გაემართნენ.
შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევენ.
სამშაბათს ასევე დაანონსდა მსვლელობა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე.
კომპანიამ დღევანდელ განცხადებაში შუქრუთელების პროტესტს „რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში მყოფი არასამთავრობოების“ მიერ მართული უწოდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პირდაპირ ეთერში ყველა დოკუმენტის გასაჯაროებით წერტილი დაესმება სპეკულაციებს. მათ ასევე ხელისუფლებას მოუწოდეს საკითხით დაინტერესდეს და ჩაერთოს პროცესში.
„საზოგადობრივი მაუწყებელი არის ჩვენს მიერ დაფინასნებული ინსტიტუტი, რომელსაც არათუ პირდაპირი ჩართვა არ გაუკეთებია, მწირი ისიც მანიპულაციური სიუჟეტები გააკეთა. შუქრუთელები ითხოვენ პირდაპი ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მოხდეს ის შეხვერა რომელსაც იკვეხნის „ჯორჯიან მანგანეზი“, ყველაფერს რასაც ისინი იტყვიან ექნება იმდენად მკაფიო პასუხი რომ მათი ეს პროპაგანდა განადგურდება, სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ეს ეთერი მოვითხოვოთ კიდევ ერთხელ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს ქალაქს შუქრუთელების ხმა.“
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები 26 დღეა პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.
შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ.
შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც.
თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს.