სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებსაც 28 დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილობენ, მშრალი შიმშილობა შეწყვიტეს.
როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ „პუბლიკას” უთხრა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ პარალელურად დიალოგის რეჟიმში იმყოფებიან.
გუშინ კომპანიამ განაცხადა რომ ისინი მოშიმშილეებთან საუბარს იწყებენ.
აღსანიშნავია, რომ შუქრუთელები მხოლოდ მშრალი ფორმით შიმშილობას წყვეტენ და სითხის მიღებას იწყებენ, თუმცა შიმშილობას აგრძელებენ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან, გრძელდება. 8 ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა – შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმემ კი პირი ამოიკერა.
შუქრუთელები, რომლებმაც პროტესტი, თავდაპირველად ჭიათურაში დაიწყეს, ჩივიან, რომ ხელისუფლება მათი გასაჭირით არ ინტერესდება. მოშიმშილეები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.