შუქრუთის მაღაროები გაჩერებულია – მოსახლეობა კომპანიისგან ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

პუბლიკა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში არსებული 11 მაღარო მეხუთე დღეა, გაჩერებულია. შუქრუთის მოსახლეობას მაღაროების შესასვლელი დაკავებული აქვს და  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნეულის მოპოვების საშუალებას არ აძლევს.

როგორც „პუბლიკას“ შუქრუთში მცხოვრებმა გიორგი ნეფარიძემ უთხრა, პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ კომპანია მოსახლეობას მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს.

გიორგი ნეფარიძის თქმით, მოპოვებითი სამუშაოების გამო, წლების განმავლობაში ზიანდება ადგილობრივების სახლები, სკოლა და ეკლესია. მოსახლეობა სწორედ ამ ზარალისთვის კომპანიისგან კომპენსაციას მოითხოვს.

იმავე მოთხოვნით, მართავდა შუქრუთის მოსახლეობა აქციებს სექტემბერშიც, თუმცა მაშინ მოლაპარაკების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი გამოიყოფოდა, რომელიც დაითვლიდა ზარალს და კომპანია ანაზღაურებას დაიწყებდა.

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ თავად იყო ჩართული ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, როგორც ადგილობრივი მცხოვრები. კომისიამ სულ 282 ოჯახი აღწერა, ასევე – ეკლესია და სკოლა, თუმცა საბოლოო დასკვნა მოსახლეობისთვის არავის გაუცნია და არც ანაზღაურების პროცესი დაწყებულა.

„არც კომპანიაში, არც მერიაში, ყველგან დავდიოდით ამ დროის განმავლობაში, ვწერდით, მოვითხოვდით, მაგრამ არავინ არაფრად გვაგდებდა, ამიტომ განვაახლეთ აქციები“, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შესაძლოა, ანაზღაურების პრობლემა შეექმნათ მაღაროელებს, რომლებიც ამ თერთმეტ მაღაროში არიან დასაქმებულები და ვერ ახერხებენ მუშაობას: „ასე ეუბნებიან, სხვა მაღაროებში გადაგანაწილებთო და როგორ იქნება ეს პროცესი, არ ვიცი.“

შუქრუთში მცხოვრები გიორგი ნეფარიძე აღნიშნავს, რომ შუქრუთის მაღაროებში მომუშავე მუშები  მხარს უჭერენ და მათ გვერდით დგანან: „დღესაც  ჭიათურაში ტრესტის წინ მაღაროელები დგანან ჩვენ მხარდასაჭერად და იზიარებენ ჩვენს მოთხოვნებს. ისინი იქიდან გვიჭერენ მხარს და ჩვენ აქ ვართ, მაღაროების შესასვლელებთან გადანაწილებულები.“

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ შუქრუთში აღწერილი დაზიანებები არ უკავშირდება კომპანიის სამუშაო პროცესს. მათი ინფორმაციით, ეს დასკვნა სპეციალურმა კომისიამ დადო და დასკვნის მიხედვით,  დაზიანებები გამოწვეულია საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოებული სამუშაოებით.

კომპანიაში ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით განპირობებული ყველა გამოკვეთილი და დადგენილი ზიანი კომპანიის მიერ ანაზღაურდა.

„როდესაც სახეზეა კომპანიის სამუშაოებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი, მოსახლეობისადმი თუ ეკოლოგიური კუთხით, სრულად ანაზღაურებს ზარალს, რაც წელიწადში საშუალოდ 1.5 მლნ ლარს შეადგენს. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს დაწყებული მოლაპარაკება და სამუშაოები, რომელიც ეხება მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას”, – ნათქვამია “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.