სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 180 დღეა ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი, 11 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ შეკრება დააანონსეს.
მერვე დღეა პროტესტის ხუთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მათ პირი ამოიკერეს და შიმშილობენ. შუქრუთელების თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან რეაგირება არ იქნება, პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს.
ადგილობრივების თქმით, ამ ხნის მანძილზე არც ხელისუფლებიდან და არც „ჯორჯიან მანგანეზიდან“ არავინ გამოხმაურებიათ. შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.
2021 წელსაც შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი. მაშინ მათი პროტესტი კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების შედეგად შეწყდა, თუმცა 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივებმა კვლავ პროტესტს მიმართეს. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება.
ამასთან, როგორც 31 ივლისს გახდა ცნობილი, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. „ჯორჯიან მანგანეზი“ პროტესტის მონაწილეებისგან ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით.
6 სექტემბერს შპს „მაღაროელმა“ შუქრუთის პროტესტში მონაწილე 3 პირი – რომან მეგრელიშვილი, მალხაზ ლაბაძე და გიორგი ცარციძე სამსახურიდან გაათავისუფლა.