შვედეთის საგარეო: კანონპროექტის ხელახალი ინიციირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

პუბლიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირება „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს.

შვედეთის საგარეო უწყება მოუწოდებს ხელისუფლებას, რეფორმები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად გაატაროს.

„ქართული ოცნების” განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,” კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა,” – აღნიშნულია განცხადებაში.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.