შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრების განაცხადს მოაწერა ხელი

პუბლიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ხელი მოაწერა წინადადებას ქვეყნის NATO-ში გაწევრების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ ფინეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ოფიციალურად გადაწყვიტა, რის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა და პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კვირას ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას უკვე დაუჭირეს მხარი ფინეთის პარლამენტში.

ფინეთი და შვედეთი ამ დრომდე თავს იკავებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისგან, მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სკანდინავიის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა NATO-ში გაწევრების სურვილი.

კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფინელ კოლეგას, საული ნიინისტოს უთხრა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრება მაშინ, როდესაც ფინეთისთვის საფრთხე არ არსებობს, შეცდომა იქნებოდა და შესაძლოა, დააზიანოს ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის.

„ფინეთის NATO-ში შესვლა გამოიწვევს რუსეთის მიერ ზომების შემუშავებას თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა 12 მაისს.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მხარს არ დაუჭერს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრების განაცხადებს. როგორც ერდოღანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ქვეყნების დელეგაციები არ უნდა შეწუხდნენ თურქეთში ჩასვლით ნატო-ში წევრობის განაცხადის მხარდაჭერაში მის დასათანხმებლად.