შვედურმა ორგანიზაცია Regnbågsfonden-მა „თბილისი პრაიდის“ მხარდასაჭერად, „თბილისი პრაიდის ფეხზე წამოსადგომად, ლგბტ აქტივისტების სამართლებრივი დასახმარებლად და დასაცავად“ ამ დროისთვის 130 ათასზე მეტი შვედური კრონი შეაგროვა.
„ამ შაბათ-კვირას ათასობით ანტი-ლგბტქ ხულიგანმა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერით, „თბილისი პრაიდს“ მარშის ჩატარების საშუალება არ მისცა. ხულიგნებმა ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი; იძალადეს ჟურნალისტებზე, რომლებიც ინციდენტს აშუქებდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაკიცხა „პრაიდი“, ჯერ კიდევ დემონსტრაციების დაწყებამდე მას „რადიკალური ოპოზიცია“ უწოდა. იგი ამტკიცებდა, რომ „მოსახლეობის უმრავლესობა „პრაიდის“ წინააღმდეგია“, – აცხადებს ორგანიზაცია.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები. „პრაიდის“ წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. ძალადობრივმა ჯგუფებმა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიასა“ და Unicef-ის ოფისებში შეჭრაც სცადეს. აგრესიულმა პირებმა დაარბიეს Tbilisi Pride-ის ოფისი. თავდასხმების შედეგად დაშავდა მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი.