დეპუტატი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და წევრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არ იცის რა ხდება პარტიაში და არც აინტერესებს.
ის ამის შესახებ „TV პირველის“ ჟურნალისტს კლინიკა „ვივამედში“ შესავლამდე ესაუბრა. გრიგოლ ვაშაძე კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
„არ ვიცი რაზე მელაპარაკებით. შენს ოჯახში რა ხდება ვიცი? ისე არ ვიცი იქ [პარტიაში] რა ხდება. პარტიაში… არ ვიცი, არ მაინტერესებს არ ვკითხულობ. ქალიშვილი მყავს დაფიცებული სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, სიტყვას არ ვამბობ, “- უთხრა მან ჟურნალისტს.
გრიგოლ ვაშაძემ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2021 წლის დეკემბერში დატოვა. ამის შემდეგ, მან როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის ემზადებიან. 9 ნოემბერს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ პარტიის ნაწილი ყველა სტრუქტურისა და თავმჯდომარის არჩევნებს მოითხოვს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურნენ პარტიის ლიდერები და თქვეს, რომ ენმ და თავად ნიკა მელია არჩევნების ჩატარებაზე დიდი ხანია საუბრობენ და თანახმაა, თუმცა ამას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდებოდა.
პარტიაში მთელი დღის მსჯელობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საღამოს განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ დროს ამ პროცესის დასაწყებად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.