შვილისთვის ჩაცმულობაზე მიცემული შენიშვნის გამო დედას შემაკავებელი ორდერი გაუუქმდა – საფარი

პუბლიკა

კავშირ „საფარის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის ბენეფიციარს, რომელიც ქმართან გაყრილია, ბავშვის ნახვის დღეებში ყოფილმა მეუღლემ პოლიციაში იმის გამო უჩივლა, რომ ტელეფონზე საუბრისას მან მცირეწლოვან შვილს შენიშვნა მისცა, ჩაცმულობის გამო.

ამ შემთხვევის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის მამამ დედის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას მიმართა. პოლიციის თანამშრომლებმა დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

აღნიშნულის თანახმად, დედას აეკრძალა შვილთან ურთიერთობა 15 დღის ვადით.

ბავშვის დედამ დახმარებისთვის კავშირ „საფარს“ მიმართა. „საფარის“ იურისტმა თეა თადაშვილმა დედის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელი დააკმაყოფილა და დედის წინააღმდეგ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

„სასამართლომ მოუსმინა შემაკავებელი ორდერის გამოწერის პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის – პოლიციის მუშაკს, ბავშვის მშობლებს, სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია დედის მხრიდან შვილის მიმართ ძალადობას. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერსების დასაცავად, არ იყო აუცილებელი დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა და ამ გზით დედისა და შვილის ერთმანეთთან დაშორება, მათი ერთმანეთისგან იზოლაციაში ყოფნა,“ – ამბობენ ორგანიზაციაში.