სი ძინპინი 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდა და პუტინთან მოლაპარაკებები გამართა

პუბლიკა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მოსკოვში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის და 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად. პუტინმა მას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ რუსეთი ჩინელ მეგობრებთან ერთად იცავს ომის წლების მოვლეების ხსოვნას და ეწინააღმდეგებიან „ნეონაციზმისა და მილიტარიზმის თანამედროვე გამოვლინებებს“.

ორი ქვეყნის პრეზიდენტმა კრემლში მოლაპარაკებები გამართა, მოგვიანებით მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ურთიერთობის განვითარების შესახებ. როგორც ირკვევა, რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი VEB გეგმავს დაახლოებით 3.5 ტრილიონი რუბლის (42.74 მილიარდი დოლარი) გამოყოფას ჩინურ ბიზნესებთან ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად, განაცხადა დღეს VEB-ის ხელმძღვანელმა იგორ შუვალოვმა. პუტინის თქმით, მიესალმება საწარმოო ობიექტების შექმნას და თავის მხრივ, რუსეთი აპირებს გააგრძელოს კომფორტული პირობების შექმნა ჩინური კომპანიებისთვის.

კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა და სი ძინპინმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაცაა ნახსენები.

„მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა გაეროს წესდების პრინციპების პატივისცემით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში რუსეთმა მადლობა გადაუხადა პეკინს „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით“ მისი „ობიექტური და მიუკერძოებელი პოზიციისთვის“.

რუსეთმა და ჩინეთმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

რუსეთის „ძირეული მიზეზები“ ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა გარანტიები, რომ უკრაინა ნატოში არ შევა და ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლებიდან გადაყენება.