სია იყო შეზღუდული და უეფასთან შეთანხმებული – ფეხბურთის ფედერაცია

პუბლიკა

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველო-ჩრდილო მაკედონიის მატჩზე VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო.

მუჯირის თქმით, დამსწრე პირთა სია შეზღუდული იყო, თუმცა მატჩზე დასასწრებად კახა კალაძეს სამი ადგილი გადაეცა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები ამ შეკითხვებით იწყებთ გუშინდელი მარცხის შემდეგ საუბარს. არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც გვქონდა შეთანხმებული და ჩრდილო მაკედონიის დელეგაციაც იყო წინასწარ შეთანხმებული“, – აღნიშნა მუჯირმა.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის განმარტებით, მაკედონიის დელეგაციის წევრები უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე საქართველოს წარმომადგენლები.

„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც, ტრადიციულად, გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. სია იყო შეზღუდული და უეფასთან შეთანხმებული. ქალაქის მერი, ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მაისთვის სამი ადგილი იყო განკუთვნილი“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

მისივე თქმით, VIP ლოჟაში იმყოფებოდნენ მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა. მუჯირისვე თქმით, სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდა თამაშს.

როგორ მოხვდა სტადიონზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, დავით მუჯირი ვერ აკონკრეტებს.


დღეს, 13 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციასთან გულშემატკივრებისა და აქტივისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ დინამოს სტადიონზე ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების დასწრება გააპროტესტეს.

გუშინ, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.