„სიაში ასეული ადამიანი იქნება“ — პაპუაშვილი პარტიების და პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება სიაში, რომლებსაც აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, ასევე არჩევნებში კენჭისყრა.

შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს „ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით უკვე იღებს, რის საფუძველზეც პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და როგორც პარტიების გაუქმებას, ისე ცალკეული პირებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას მოითხოვს.

„სარჩელში, სასარჩელო მოთხოვნაში გაიწერება ის პარტიებიც, რომლებიც ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ და ის ინდივიდებიც, რომელთა პოლიტიკური პარტიის წვერობა და სხვა ასეთი საქმიანობა შესაზღუდი იქნება. რა თქმა უნდა, აქ ყველა პარტიის წევრი არ იგულისხმება, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვიცი რამდენი წევრი ჰყავს, მაგრამ ვგულსიხმობთ, რომ რამდენიმე ასეული წევრი იქნება.

მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდათ, ან აქვთ დღესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე.

ჩვენ სასარჩელო მოთხოვნა პოლიტიკურ აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით არ იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი – გუშინწინდელი, დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო, მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულსიხმობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ. თუ კონკრეტულად, რომელი პარტიები იქნება სასრჩელო მოთხოვნაში, ნახავთ”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა. მისი კომენტარი „ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  „საკანონმდებლო ხარვეზი” იყო, რომ არ არსებობდა „არაკონსტიტიცური ქმედებების მქონე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკანონმდებლო ბაზა”.

შალვა პაპუაშვილმა ილაპარაკა თეა წულუკიანის „საგამოძიებო კომისიაზეც”, რომელსაც ოფიციალურად ერქვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

მისი თქმით, კომისიის საქმიანობა ასევე ეხებოდა „კონსტიტუციის წინააღმდეგ სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურების თუ პარტიების მოქმედებას”.

„ამიტომ საუბარია არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ვიღაცებზე, არამედ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ პარტიებზე“. – თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის ზაფხულში გასცა. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ პარტიების აკრძლვა „დემოკრატიული პროცესია”.